საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი სიტყვების არ სჯერა.
,,პირველი, აფგან მუხთარლის ბრალდება არის სრული აბსურდი, აბსოლუტურად უსაფუძვლო. მეორე რაც მინდა ვთქვა ეს არის , რომ ეს ბრალდება არის აბსურდი და მე ვიცი, რომ ეს არის აბსურდი, ამიტომ არვიცი, რატომ უნდა დავიჯერო ნებისმიერი სხვა სიტყვა, რომელსაც ეს ადამიანი ამბობს.
მესამე, მე მგონია, რომ საერთოდ, ვიღაც არის დაინტერესებული, რომ ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს, ალბათ ამას დრო გამოაჩენს და გარკვეული დროის მერე, როცა ეს გამოჩნდება ალბათ, მერე შემეძლება უფრო მეტი კომენტარის გაკეთება.
დღეს ის შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდებები აბსურდია, გამომდინარე იქიდან, რომ მე ზუსტად ვიცი, რომ ეს აბსურდია, ამიტომ მე მისი სხვა არცერთი სიტყვის არ მჯერა", - განუცხადა კვირიკაშვილმა ,,მთავარ არხს".
ცნობისთვის, აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. მას ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.
აფგან მუხთარლი 7 აპრილს თბილისში დაბრუნდა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.
მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში დაბრუნდა განაცხადა, რომ მის გატაცებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობამ, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.