ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა. მიმდინარე საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. დაწვეს ავტომანქანები. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
ჩრდილოეთ ირლანდიაში საპროტესტო ტალღა უკვე ერთი კვირაა გრძელდება. პროტესტი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შედეგად, ჩრდილოეთ ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს დანარჩენ ტერიტორიას შორის წარმოქმნილი ახალი სავაჭრო ბარიერების მიზეზით დაიწყო. სერიოზული არეულობა და შიდა დაპირისპირება, გამოწვეულია „ბრექსიტთან“ დაკავშირებული ვაჭრობის ახალი წესების გამო.
რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ ირლანდიის ხელისუფლებამ საგანგებო სხდომა მოიწვია.
ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ნაწილია, რომელიც იმართება პროტესტანტულ და კათოლიკურ პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალაუფლების გაყოფის შესახებ მიღწეული მყიფე შეთანხმებით.
ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის ერთი ნაწილი თავს მიიჩნევს ბრიტანელებად, ნაწილი - ირლანდიელებად. ახალმა სავაჭრო წესებმა და სხვა ცვლილებებმა, რაც 2020 წლის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირიდან გასვლის („ბრექსიტის“) პროცესის დასრულების შედეგად იქნა მიღებული, კიდევ უფრო გააღრმავა ისტორიული უთანხმოება ჩრდილოეთ ირლანდიის შიგნით.
7 აპრილს ბელფასტში უმართავმა ბრბომ „მშვიდობის კედელთან“, რომელიც შენკილ როუდს ირლანდიელი ნაციონალისტების რაიონისგან ყოფს, პოლიციის თქმით, „ჩაიდინა სერიოზული დანაშაული“, რის შედეგადაც დაშავდ 55 პოლიციელი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, და ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ მარტინმა, ძალადობის მონაწილეებს კრიზისის აღკვეთისა და დიალოგისკენ მოუწოდეს.