უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კონფლიქტის ზონა დაბომბეს და დასახლებულ პუნქტ ზაიცევოს მიმართულებით, ტერიტორია დანაღმეს.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, დაბომბვის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
"მოწინააღმდეგემ ცეცხლი სხვადასხვა სისტემის ნაღმმტყორცნებიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან გახსნა. კიევში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალების მებრძოლებმა დასახლებულ პუნქტ ზაიცევოს მიმართულებით ტერიტორია დანაღმეს", - აცხადებენ უკრაინის „გაერთიანებული ძალების ოპერაციის“ შტაბში.
უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ისაუბრა. საფრანგეთმა რუსეთს მოუწოდა, უკრაინის საზღვართან ჯარების გადაადგილების მიზნობრიობა ეუთო-ს საშუალებით განმარტოს.
უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსმა სამხედროებმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დონბასში არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო.მიისვე თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა.