ირანმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში ისრაელი დაადანაშაულა

Reuters-ის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში ისრაელი დაადანაშაულა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტს ბირთვულ ტერორიზმს უწოდებს და აცხადებს, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს.

„სიონისტებს შურისძიება სურთ სანქციების მოხსნის გზაზე ჩვენი პროგრესის გამო. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ ამას არ დაუშვებენ. მაგრამ ჩვენ შურს ვიძიებთ“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ნათანზის მიწისქვეშა ბირთვული რეაქტორი ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროგრამაში საკვანძო როლს ასრულებს და მას მეთვალყურეობას უწევს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი მოხდა. ხარვეზი ელექტრომომარაგების სისტემაში მოხდა და ობიექტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ოფიციალურმა თეირანმა გუშინვე განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ბირთვული დაბინძურება მომხდარა.