„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილის განცხადებით, მომავალ კვირაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სავარაუდოდ საქართველოზე იმსჯელებენ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა, კიდევ ერთხელ შეხვდნენ პოლიტიკურ მხარეებს საქართველოში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თვის ბოლოს საქართველოში ევროკავშირის წევრი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტთან დაკავშირებით. მათი თქმით, მინისტრების ვიზიტზე საგარეო უწყებას ოფიციალური შეტყობინება ამ დრომდე არ მიუღია.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე, რომელიც დიდი ხანია, დაიგეგემა რეგიონული ტურნეს ფარგლებში და ლიეტუველი მინისტრი საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების პუნქტებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია უცვლელია.
„მომავალ კვირაში ევროპის საგარეო მინისტრების საბჭო სავარაუდოდ იმსჯელებს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და შესაბამისად, ვფიქრობ, მათთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, სად არის პროცესი დღეს, ანუ არსებობს თუ არა რაიმე პროგრესის შანსი და შესაბამისად, გაგრძელდება თუ არა ევროკავშირის მედიაცია. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რატომაც გადაწყვიტეს ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა კოლეგებმა, რომ გააგრძელონ მხარეების პოზიციების მოსინჯვა. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის გაიმართება შემდეგი რაუნდი. ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ მიშელის მიერ განსაზღვრული ხუთივე საკითხი უნდა აისახოს შესაძლო შეთანხმების ტექსტში, ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვისაც გასაგებია, რომ, თუ ეს ასე ვერ მოხდება და მკაფიო ხედვა არ იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემაზე, ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწევთ. ვფიქრობ, ყველა პარტიას ინდივიდუალურად შეხვდებიან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მათი პარტია ყოველდღიურ კომუნიკაციაშია ელჩებთან.
"ზუსტად ელჩების მზაობაა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მტკიცე პოზიცია, მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაში ისინი აუცილებლად ჩაერთვებიან, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ მოლაპარაკებები შედგება და წარმატებით დასრულდება. ფორმატი ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული. ეს იქნება დანიელსონის ფორმატი თუ საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატი და სავარაუდოდ რა თარიღებში მოხდება, სავარაუდოდ ამ კვირაში, კვირის ბოლომდე გამოიკვეთება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამი პუნქტის ნაცვლად, ხუთივე პუნქტი იქნება ამ დოკუმენტში და ამის მზაობა არის მათ შორის მედიატორების მხრიდან“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.