იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება და პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას საზღვრებთან და მის გარშემო სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება და პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გენერალური მდივანი რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების გადასროლას გაუგებარ და დაუსაბუთებელ ნაბიჯს უწოდებს.

შეხვედრის შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO მხარს უჭერს უკრაინას, მისი სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ალიანსი ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ ათასობით სამხედროს გადასროლას, რაც 2014 წლიდან ყველაზე მასშტაბური სამხედრო გაძლიერებაა. ეს ქმედებები დაუსაბუთებელი და გაუგებარია.

რუსეთმა უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება და პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და დაუყოვნებლივ უნდა განმუხტოს ვითარება“, - განაცხადა სტოლტებერგმა.