სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.

პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ ერთადერთი ღონისძიება, რომელმაც შეიძლება აღკვეთის ღონისძიების მიზნები უზრუნველყოს, არის პატიმრობა და ის ძალაში უნდა დარჩეს. პროკურორის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი, დაცვის მხარე თანახმა იქნება, გირაოს შესახებ შეთავაზება შესრულდეს, პროკურატურა შუამდგომლობას დააყენებს.

დაცვის მხარე კი მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა. 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.