უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-სა და დასავლეთისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ძალადობის ესკალაციის პრევენციის მიზნით, NATO-მ და დასავლეთმა სწრაფად უნდა იმოქმედონ. ამის შესახებ დმიტრო კულებამ NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რუსეთის აგრესიული ზრახვების შესაკავებლად მკაცრი ზომებია საჭირო და ეს შეიძლება სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებაც იყოს.

„ოპერატიულ დონეზე, ჩვენ გვჭირდება ზომები, რომელიც რუსეთსა და მის აგრესიულ ზრახვებს შეაკავებს. ეს შეიძლება იყოს სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც გაზრდის რუსეთის აგრესიის ფასს. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი მხარდაჭერა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რადგან ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არ იშურებს ძალისხმევას, რომ მესამე ქვეყნებმა ხელი არ შეუწყონ უკრაინას თავდაცვის სფეროში. რუსეთი ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების შესუსტებაზე ბეჯითად მუშაობს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.