თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა.
როგორც ცნობილია, ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართა. მხარეებმა განიხილეს რეგიონული და გლობალური საკითხები, მათ შორის შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით, ასევე უსაფრთხოების საკითხები და „ახალი დასაწყისის“ შეთანხმების გაფართოება.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ იმოქმედებს მისი საერთაშორისო ინტერესების დასაცავად რუსეთის ისეთი ქმედებების საპასუხოდ, როგორიცაა კიბერ შეჭრა და არჩევნებში ჩარევა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
პრეზიდენტმა გააჟღერა ჩვენი შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების მოულოდნელ ზრდასთან დაკავშირებით და რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა თავისი მიზანი რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის დამყარებაზე აშშ-ის ინტერესების შესაბამისად და შესთავაზა უახლოეს თვეებში მესამე ქვეყანაში შეხვედრა, რათა განიხილონ შეერთებული შტატებისა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხების სრული სპექტრი“, – აღნიშნულია განცხადებაში.