ავსტრია და ფინეთი გამოთქვამენ მზაობას, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას უმასპინძლონ.
როგორც რუსულ მედიასაშუალებებთან საუბრისას ავსტრიისა და ფინეთის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მზად არიან ლიდერების მასპიძლობისათვის, სურვილის არსებობის შემთხვევაში.
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადგილთან დაკავშირებით თავად აშშ-სა და რუსეთის ლიდერები უნდა შეთანხმდნენ, თუმცა ავსტრია მზადყოფნას გამოთქვამს.
,,ავსტრია ყოველთვის იქნება ყველა ტიპის მაღალი დონის მოლაპარაკებების მონაწილეთა სამსახურში", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
რაც შეეხება ფინეთს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შეხვედრის მასპინძლობის მზაობის შესახებ უკვე აცნობეს როგორც შეერთებული შტატებს, ისე რუსეთს.
„ფინეთი ყოველთვის სთავაზობდა თავის დიპლომატიურ მომსახურებას. რაც შეეხება ამ პოტენციურ შეხვედრას, მისი ორგანიზების მზაობის შესახებ ჩვენ მხარეებს ინფორმაცია მივაწოდეთ“, - განაცხადეს ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, 13 აპრილს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო მოლაპარაკებები გამართეს, სადაც ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.
როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ბაიდენისა და პუტინის მოლაპარაკებები შესაძლოა, ზაფხულში გაიმართოს. თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, შეხვედრის გამართვის ადგილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.