ევროპის წამლის სააგენტო: Johnson&Johnson-ის ვაქცინის სარგებელი მისი გვერდითი მოვლენების რისკებს აღემატება

ევროპის წამლის სააგენტო Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ვაქცინის სარგებელი მისი გვერდითი მოვლენების რისკებს აღემატება.

„ევროპის წამლის სააგენტო ყველა დაფიქსირებულ შემთხვევას სწავლობს და გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მარეგულირებელი ზომები. სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის წამლის ადმინისტრაციასთან და სხვა საერთაშორისო მაფრეგულირებლებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 13 აპრილს აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა უწყებებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია გასცეს.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიზეზი „ვაქცინის მიღების შემდეგ, 6 ადამიანის შემთხვევაში, იშვიათი თრომბოზის განვითარება იყო“.

იქამდე, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბი ოთხ ადამიანს განუვითარდა.