75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემის აკრძალვა სასამართლომ გააუქმა

ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალური რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გააუქმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების აკრძალვა.

მოსამართლემ დაადგინა, რომ ეს პოლიტიკა კანონს ეწინააღმდეგება და სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს, იურიდიულ უფლებამოსილებას სცილდება.


61-გვერდიან გადაწყვეტილებაში უარყოფილია ადმინისტრაციის საჯარო დასაბუთება ამ პოლიტიკის შესახებ რომ სამიზნე ქვეყნებიდან მიგრანტები საზოგადოებრივი შეღავათებით ისარგებლებდნენ და „ამერიკელებისთვის ფინანსურ ტვირთად“ იქცევიან.


მოსამართლე ასევე აუქმებს ყველა იმ ვიზაზე უარს, რომელიც მხოლოდ ამ პოლიტიკას ეფუძნებოდა და რომელიც იანვარში შევიდა ძალაში. ეს კი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ათასობით ძველი სავიზო განაცხადის ხელახლა განხილვა გახდეს საჭირო.


საქმეში მოსარჩელეებს შორის არის აშშ-ის ექვსი მოქალაქე, რომლებიც აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის აკრძალვამ მათ ნათესავებს განა, იამაიკაში, გვატემალასა და ეთიოპიაში შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ვიზების მიღებაზე უარს ეუბნებიან. სხვა მოსარჩელეებს შორის არიან ხუთი პროფესიონალი კოლუმბიიდან, მათ შორის ინჟინერი, არქიტექტორი და ენდოკრინოლოგი, რომლებმაც მიიღეს შეტყობინებები, რომ მათი სავიზო განაცხადები უარყოფილი იყო, მიზეზად კი, ტრამპის ადმინისტრაციის ახალი პოლიტიკა იყო მითითებული.


ტრამპის ადმინისტრაციას მოსამართლე ვარგასის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.


შეგახსენებთ, აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა 21 იანვრიდან 75 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა.


საიმიგრაციო ვიზები სჭირდებათ მათ, ვინც აშშ-ში მუდმივად ცხოვრებასა და მუშაობას გეგმავს. ვიზების გაცემის საფუძველი შეიძლება, იყოს ოჯახის გაერთიანება, ქორწინება, შვილად აყვანა ან „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მოგება.