აშშ-ს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის, კიბერშეტევებისა და სხვა რიგი საკითხების გამო, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა.
როგორც გამოცემა The hill-ი იტყობინება, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული ობლიგაციების შეძენა ან რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებისთვის სესხის გაცემა.
აღსანიშნავია, რომ შტატების მიერ ეკონომიკური სანქციების ამოქმედებამდე რუსული რუბლი მკვეთრად გაუფასურდა.
აწ უკვე ხელმოწერილი განკარგულება, სახაზინო ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას საჭიროების შემთხვევაში სანქციები გააფართოვოს.
გარდა ეკონომიკური სანქციისა, ბაიდენის ადმინისტრაციამ პერსონალური სანქციებიც დააწესა და რუსეთის დიპლომატიური მისიიდან 10 ადამიანი გაძევებული იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, 10 ადამიანიდან ზოგიერთი რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები არიან.
სანქციები ასევე შეეხო 6 რუსულ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომლებიც როგორც ცნობილია მხარს უჭერენ რუსეთის სადაზვერვო ოპერაციებს.
აშშ-ს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო კი, 32 პირი იქნა სანქცირებული.
აღსანიშნავია, რომ სწორედ გასულ თვეს გამოქვეყნდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ცდილობდა ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის დახმარებასა და პრეზიდენტ ბაიდენის კანდიდატურის დაზიანებას.
ამასთან, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კომპანია „სოლარვინდის“ წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს აკისრებს.
ადმინისტრაციამ, აშშ-ს მოკავშირეებთან კოორდინაციით, უკვე გამოსცა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო.
გამოცემა წერს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აშშ-რუსეთის უკვე დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო კრიტიკულ ფაზაში შევიდა, რადგან ახალმა პრეზიდენტმა საჯაროდ დაადანაშაულა მოსკოვი მისი მავნე საქციელების გამო, რაც უკვე ნიშნავდა ტრამპის ეპოქიდან გასვლას, რომლის დროსაც პრეზიდენტი ტრამპი ხშირად თბილად საუბრობდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა აშშ-ს შეფასებას რუსეთის არჩევნებში ჩარევის შესახებ.
ბაიდენმა მარტში ABC News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ”გადაიხდის” საფასურს ”2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის და დადებითი პასუხი გასცა კითხვაზე არის თუ არა ვლადიმერ პუტინი მკვლელი.
აღსანიშნავია, რომ სანქციების დაწესებამდე ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც თეთრი სახლის ლიდერმა მისი მკაფიო პოზიციები დააფიქსირა უკრაინასთან, ნავალნისთან და ზოგადად ოფიციალური მოსკოვის მოქმედებებთან დაკავშირებით.