ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ პირობას დებს, რომ იაპონიას ჩინეთისგან ბირთვული იარაღით დაიცავს
აღნიშნული განცხადება, ჯო ბაიდენმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან იოშიჰიდე სუგასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. იაპონიის პრემიერ-მინისტრი უცხო ქვეყნის პირველი ლიდერია, რომელიც ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში პირადად მიიღო.
იაპონიის და ამერიკის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ „წინააღმდეგობას გაუწევენ ჩინეთის მცდელობას ძალისმიერ გზით შეცვალოს სტატუს-კვო“.
.შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აშშ მტკიცედ ასრულებს ვალდებულებას, დაიცვას იაპონია ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით, მათ შორის არის ბირთვული პოტენციალი“.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ეს ეხება „ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, რაც ძირს გამოუთხრის კუნძულ სენკაკუზე იაპონიის კონტროლს“. აღნიშნული დაუსახლებელი კუნძულები ამჟამად იაპონიის მმართველობის ქვეშ არის, თუმცა ჩინეთში არქიპელაგს მათ ტერიტორიად მიიჩნევენ. ბოლო პერიოდში ამ კუნძულებთან ჩინური ხომალდები სულ უფრო ხშირად გადაადგილდებიან.
აშშ-ისა და იაპონიის ლიდერების განცხადებით, ისინი არ შეეგუებიან ჩინეთის მხრიდან რეგიონის ქვეყნების დაშინებას.