აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს

"ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ უნდა იქნეს მიღწეული", – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო twitter-ში წერს.

„ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ორივეს, მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული. ეს არის საქართველოს წინსვლის ერთადერთი გზა“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ცნობაში.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს, ხელი მოაწერა, თუმცა ოპოზიცია დოკუმენტის ხელმოწერაზე კვლავ უარს აცხადებს.

დღეს, დანიელსონის დოკუმენტზე სამსჯელოდ ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, 19 აპრილს მორიგი შეხვედრა გაიმართება.

როგორც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს ხელისუფლების მაგალითს და დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

„კარგია, რომ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მზაობას კომპრომისისთვის. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება ბევრი დეტალი, რომელიც შესამუშავებელია. ევროკავშირი კვლავ მზად არის ამაში დასახმარებლად“, – წერს twitter-ზე ვიოლა ფონ კრამონი.