კრემლის საპასუხოდ, უკრაინა კიევში რუსეთის საელჩოს უფროს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს. რუს დიპლომატს უკრაინის დასატოვებლად 72 საათი მისცეს.
რუსეთის ხელისუფლებამ სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსული ალექსანდრ სოსონიუკ დააკავა, პერსონა ნონ-გრატად გამოცხადა და მისი რუსეთიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა სოსონიუკს ბრალი დასდო დიპლომატის სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობა - დაფარული ინფორმაციის მიღება.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, სოსონიუკი იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის მოქალაქისგან იღებდა სამართალდამცავი ორგანოების მონაცემთა ბაზის შემცველ ინფორმაციას.
„რუსეთის ხელისუფლების ასეთი ნაბიჯი უხეშად არღვევს ვენის 1961 წლის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ და ვენის 1963 წლის კონვენციას საკონსულო ურთიერთოების შესახებ და კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მიერ უკარინასთან შემდგომი დაძაბულობისკენ აღებულ კურსს“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მარტის ბოლოდან რუსეთ-უკრაინას შორის ვითარება დაიძავა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზება მოახდინა, რასაც დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსული სამხედრო ფორმირებები დონბასში ყოველდღე არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.