"მივესალმები პოზიტიურ გზავნილებს თბილისიდან, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით" - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი twitter-ზე წერს.
„მივესალმები პოზიტიურ გზავნილებს თბილისიდან. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რომელსაც შეუძლია მოიტანოს ერთობა და კომპრომისი საქართველოს მომავლისთვის ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი თბილისს ეწვია და ხელისუფლების მისამართით არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთა.
„ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს, ხელი მოაწერა, თუმცა ოპოზიცია დოკუმენტის ხელმოწერაზე კვლავ უარს აცხადებს.
დღეს, დანიელსონის დოკუმენტზე სამსჯელოდ ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, 19 აპრილს მორიგი შეხვედრა გაიმართება.
როგორც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს ხელისუფლების მაგალითს და დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
„კარგია, რომ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მზაობას კომპრომისისთვის. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება ბევრი დეტალი, რომელიც შესამუშავებელია. ევროკავშირი კვლავ მზად არის ამაში დასახმარებლად“, – წერს twitter-ზე ვიოლა ფონ კრამონი.