„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 14:00 საათზე დაიწყება.

17 აპრილს საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, მხარეებს შორის კომპრომისის აუცილებლობაზე.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება მოხდება, განხორციელდება ამბიციური საარჩევნო და სასამრთლო რეფორმები, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, ასევე „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.