ვახტანგ მეგრელიშვილი: პარლამენტი იქნება „გირჩის“ სამეფო

"პარლამენტი იქნება "გირჩის" სამეფო - ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალი არჩევნებისთვის", - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში მისვლის შემდეგ განაცხადა.

"ეს ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ფორმაა. ორი ოფისი გვაქვს, ერთი აქ და მეორე - აგერ, რამდენიმე ასეულ მეტრში. ოპოზიცია მიდის რეგიონებში საარჩევნო კამპანიისთვის. ჩვენ ამის არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი. ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალი არჩევნებისთვის, როგორც ჩვენს პლაცდარმს. ეს იქნება "გირჩის" სამეფო", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, სხვა დეპუტატებთან "ადამიანური ურთიერთობის დამყარებას" ეცდება.

"სახლშიც დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, ყავაზე დავპატიჟებთ კაფეში, ფეხბურთის მატჩზე წავალ მათთან ერთად, მათ ბავშვებს გავიცნობ... ბევრ რამეს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ადამიანებთან ადამიანური ურთიერთობა დავამყარო", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.