პრეზიდენტი გარკვეული პირობების სანაცვლოდ გიორგი რურუას შეიწყალებს

პრეზიდენტი გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი პირი, რომელსაც ბევრი რამ შეიძლება დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმრისა, არც ერთი ნიშნით – იქნება ეს ზნეობრივი, მორალური თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების კატეგორიაში. ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, რომ თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი ჩემი პირობით. ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე, ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

2020 წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.