პრეზიდენტი: გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის განცხადებით, ჩემს სახელს, ჩემი ნებართვის გარეშე იყენებენ

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის გაკვირვებულია მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომელიც პრეზიდენტის სახელს შეწყალებასთან დაკავშირებით, მისი თანხმობის გარეშე უკავშირდება.

პრეზიდენტის ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, პარლამენტის თავმდჯომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა რომ "ქართულ ოცნებას" არ ექნება კრიტიკული პოზიცია, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს.

„გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას. ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მითუმეტეს ამ საკითხებში, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად, იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ.

ეს მგონი უკვე საქმით დავამტკიცე. მინდა ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება, როგორც არაერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რამე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, ეს იქნება ოპოზიციისგან, თუ მმართველი პარტიისგან, ან სხვისგან. პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯაროვებს. თუმცა, ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს. მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ გარდა პოლიტპატიმარი, არც ერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური, თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში.

ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემ თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.