საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც პანდემიის პირობებში არჩევნებს ატარებს. საარჩევნო უბნები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში არიან, ცალკე შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველაზე საარჩევნო უბანზე დეზიფექცია ჩატარდა.
ამომრჩევლებს კი ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევთ. უბნებზე მათ პირბადე და ინდივიდუალური კალამი დახვდებათ. სპეცალისტების განმარტებით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არჩევნებზე მისვლა აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს. პანდემიის პირობებში მოუწევს არჩევნების ჩატარება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსაც, არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება. მანამდე კი 50 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დროზე ადრე ხმის მიცემის საშუალებით უკვე ისარგებლა. საყოველთაო არჩევნებისას ამერიკელები ქვეყნის პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატორების 1/3-სა და 13 გუბერნატორს აირჩევენ.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების სტატისტიკას, Europetime-მა ინფორმაცია ევროსაბჭოს მონაცემებზე დაყრდნობით შეაგროვა. პანდემიიის გამოცხადებამდე ბოლო არჩევნები, პირველ მარტს სლოვაკეთში ჩატარდა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებამდე 10 დღით ადრე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა „უბრალო ხალხის პარტიამ“ გაიმარჯვა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა სლოვაკეთში 6 მარტს გამოვლინდა, 11 მარტს კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.
ლოქდაუნის შემდეგ კი, ევროპაში პირველი არჩევნები სერბეთში, ივნისში გაიმართა, თუმცა ის აპრილში იყო დაგეგმილი. საარჩევნო უბნები სამედიცინო ნიღბებითა და ვირუსისგან დამცავი სხვა საშუალებებით აღიჭურვა.
ივნისში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები 365-ათასიან ისლანდიაშიც. კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებმა 2-მეტრიანი დისტანცია დაიცვეს, საარჩევნო უბნები კი აქაც დეზინფექციის საშუალებებით აღჭურვეს.
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა ივლისში ჩატარდა. საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები პირბადეებით მივიდნენ, ხმის მიცემა კი დისტანციის დაცვით მიმდინარეობდა. ხმის მიცემის უფლება 1,8 მილიონ ადამიანს ჰქონდა.
კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტებმა, ასევე, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფებმა არჩევანი 13 ივლისს გააკეთეს, ხოლო 14 ივნისს ხმის მიცემის უფლება შშმ პირებს, მძიმე ავადმყოფებსა და პატიმრებს ჰქონდათ.
საპარლამენტო არჩევნები ჩრდილოეთ მაკედონიაში 12 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნები 3 თვით გადაიდო.
ასევე ზაფხულში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში, რომელიც 10 მაისს იყო ჩანიშნული (პირველი და მეორე ტური), თუმცა ამის მიზეზი არა კორონავირუსი, არამედ შიდა პოლიტიკური ვითარება გახდა. პანდემიის პირობებში ამომრჩევლებს ხმის მიცემა უბანზე ან ფოსტით შეეძლო.
ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 11 ოქტომბერს გაიმართა. მეორე ტური კი, 25 ოქტომბერს. კორონავირუსის გამო ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე პირბადით და საკუთარი კალმით გამოცხადდნენ. ოქტომბერში ჩატარდა ჩეხეთში სენატისა და რეგიონული არჩევნებიც.
რთული ეპიდვითარების მიუხედავად, უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები 25 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყანამ მუნიციპალური არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით ჩაატარა.
სომხეთში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადაყენების საკითხზე 5 აპრილს ჩანიშნული რეფერენდუმი, საყოველთაო კარანტინის მოხსნის შემდეგ გაიმართება. ამ შეზღუდვამ ქვეყანაში 6-თვიანი საგანგებო მდგომარეობა ჩაანაცვლა. საყოველთა კარანტინი სომხეთში იანვრამდეა დაწესებული.
რუსეთში კი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული რეფერენდუმი, რომელიც აპრილში იყო დაგეგმილი, ზაფხულში გაიმართა.
გარდა ამისა, გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ავსტრიაში რეგიონული არჩევნები გადაიდო. ლიხტენშტაინში რეფერენდუმი აგვისტოში ჩატარდა.
შვეიცარიაში 29 ნოემბერს რეფერენდუმია დაგეგმილი. მოლდოვაში კი პირველ ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.