არჩილ თალაკვაძე: თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს, კრიტიკული პოზიცია არ გვექნება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს, მმართველ პარტიას კრიტიკული პოზიცია არ ექნება.

ამის შესახებ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"საზოგადოებისთის ცნობილია, თუ რას წარმოადგენს გიორგი რურუას საქმე. ის არ არის პოლიტიკოსი, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ან სააღცევნო პროცესებზე. მიუხედავად ამისა მმართველ პარტიას კრიტიკული პოზიცია არ ექნება, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს. ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც არსებობს კონკრეტული შემოთავაზება, რომელიც საზოგადოებამ უკვე იცის", - განაცხადა ბრიფინგზე თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ მისთვის უმთავრესია თანამოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები, აჩვენა, რომ ქვეყანაში არის ყველაზე პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური ძალა.

„ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით, 8 მარტის დოკუმენტით შეთანხმდა და ასახულია კონსტიტუციაში. სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არა აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი. დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ კიდეც ნდობის 40%-იანი ზღვრის 43%-მდე გაზრდა. “ქართული ოცნება“ მზად არის, შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით. მეტი კორექტირება აღარ მოხდება - ჩვენ რაიმე შინაარსობრივ დამატებას არ დავეთანხმებით, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია. ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა “ქართული ოცნების“ მზაობა, ევროკავშირის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის განახლებულ ვარიანტს მოაწერონ ხელი.

“ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გვაქვს იმ მოცემულობით, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა, როგორც ეს ასახულია ეუთო/ოდირის დასკვნაში და რისთვისაც, ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს ვიწვევთ, ჩაერთონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების პროცესში პარლამენტში. იმ აუცილებელი პირობით, რომ მომავალში გამოირიცხება ოპოზიციის მხრიდან რომელიმე სისხლის სამართლებრივი საქმის გადასაწყვეტად პოლიტიკური ჩარევა და ნებისმიერ სადავო საქმეს მიეცემა მხოლოდ სამართლებრივი შეფასებები, რისთვისაც ვიწვევთ საერთაშორისო სამართლებრივ ექსპერტებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.