დღეს საღამოს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 20:30 საათზე დაიწყება.
პარტიები, სავარაუდოდ, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ წინადადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ხლმოსაწერად დოკუმენტის ახალი ვერსია შესთავაზა.კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის, ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.
პრეზიდენტი გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ კვლავ მზადაა, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ხელი მოაწეროს.
ოპოზიციიდან დოკუმენტის ხელმოწერაზე მზაობას გამოთქვამს "სტრატეგია აღმაშენებლი" , "ლელო", ზურაბ ჯაფარიძის პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩი".
"ევროპული საქართველო" და "ნაცონალური მოძრაობა" აცხადებს რომ გადაწყვეტილებას შიდაპარტიული კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.
დღეს რიყეზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქცია დაიწყო.
როგორც აქციზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცახადა, ბრძოლა გაგრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც „მიიღებენ ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატირები უპირობოდ დატოვებენ საპყრობილეებს და გატარდება ყველა ის რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას“.
რამდენიმე საათის წინ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აშშ-ს და ევროკავშირს ელჩებს შეხვდნენ. ელჩებთან შეხვედრის შემდეგ პოლიტსაბჭოს სხომა გამართეს, რის შემდეგაც პარტიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება ყოველგვარი გირაოს და სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარტიებს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის.
„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მატარებელი მოძრაობს, რაც კარგია, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, კრიზისულ პერიოდში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო.
ევროპარლამენტარი "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციურ პარტიების გადაწყვეტილებას შეთანხმების ხელმოწერის შესახებ იწონებს და Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.
"საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას! მინდა შევაქო "ქართული ოცნება" და ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საქართველოს ინტერესს წინ აყენებენ და ხვალ ხელს მოაწერენ შეთანხმებას.კრიზისულ პერიოდში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო! ევროპარლამენტის სახელით ველოდები მუშაობას საქართველოს პარლამენტთან" - წერს კრამონი.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ მხარეები შარლ მიშელის ახალ წინადადებას მიიღებენ და ხელს მოაწერენ.
„ყველა მხარეს მოვუწოდებ, კომპრომისს მიაღწიონ, რათა იმ სიტუაციიდან გამოვიდნენ, რომელშიც საქართველო ახლა იმყოფება და განაგრძონ დემოკრატიული კონსოლიდაცია“, - აღნიშნა ბორელმა.