"ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას. მინდა ეს ხვალვე, თქვენი ვიზიტით დაიწყოს", - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბშვილმა, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მიმართ. .
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მას დიდი იმედი აქვს, რომ ძალიან სწრაფად დაიწყებენ ამაზე მუშაობას.
ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირისთვის საქართველოს სტაბილურობა და დემოკრატიულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„მინდა ორი სიტყვით მივმართო ბატონ მიშელს და ყველასთან ერთად გადავუხადო დიდი მადლობა მისი ძალისხმევისთვის. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თქვენი ჩართულობა ეს არის ევროკავშირის ჩართულობა და ეს ნიშნავს ორ რამეს - ერთი, საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია და მეორე, რომ საქართველო დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, მისი სტაბილურობა და მისი დემოკრატიულობა. ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა შიგნით, საქართველოში პოლიტიკურად დეპოლარიზაციისკენ და ეს ჩემთვის პირადად და მთელი საზოგადებისთვის ძალიან დიდი რამ არის. მაგრამ მეორე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ერთად. ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას. ამაზე მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დავიწყებთ მუშაობას და მინდა ეს ხვალვე, თქვენი ვიზიტით დაიწყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმების დოკუმენტზე ხელომწერის ცერემონია გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიაზე ონლაინ პირდაპირ ეთერში ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც, რომლის პირადი მედიაციით დაიწყო დიალოგი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
ოპოზიციური პარტიებიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა.
პარტიის სახელით დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობა" და "ევროპულმა საქართველომ", თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, როგორც სადეპუტატო მანდატის მფლობელმა. ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.