ზურაბ ჯაფარიძე: ამ საყოველთაო ნიჰილიზმში, ადამიანებს იმედი აქვთ, რომ დოკუმენტის ხელმოწერით ქვეყანა პოზიტიურისკენ შეიცვლება

"ამ საყოველთაო ნიჰილიზმში და სასოწარკვეთაში იმედი აქვთ ადამიანებს, რომ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ და ქვეყანაში რაღაც პოზიტიურისკენ შეიცვლება", - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

მისი თქმით, მთელი ეს გზა, ძალიან რთული პროცესი იყო და უამრავი ადამიანი ამ დოკუმენტის ხელმოწერას იმედის თვალით უყურებს.

"ვიმედოვნებ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების დოკუმენტი იმუშავებს. ძალიან რთული პროცესი იყო. ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ამ დოკუმენტის ხელმოწერას იმედის თვალით უყურებს, ამ საყოველთაო ნიჰილიზმში და სასოწარკვეთაში იმედი აქვთ ადამიანებს, რომ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ და ქვეყანაში რაღაც პოზიტიურისკენ შეიცვლება. რთულია ამ ვითარებაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ასეთი იმედის ქონა, მაგრამ მეც იმის იმედად, რომ ეს დოკუმენტი მართლა იმუშავებს, ხელს ვაწერ. მადლობა ყველას“, - აცხადებს ჯაფარიძე.

დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმების დოკუმენტზე ხელომწერის ცერემონია გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიაზე ონლაინ პირდაპირ ეთერში ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც, რომლის პირადი მედიაციით დაიწყო დიალოგი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ოპოზიციური პარტიებიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა.

პარტიის სახელით დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობა" და "ევროპულმა საქართველომ", თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, როგორც სადეპუტატო მანდატის მფლობელმა. ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.