ხატია დეკანოიძე: პოლიტიკური კრიზისის დასრულება შორს არის სანამ ეს რეჟიმია

"პოლიტიკური კრიზისის დასრულება შორს არის სანამ ეს რეჟიმია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის მათ, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნიკა მელიას გარეშე, მისი დაჭერის შემდეგ მოლაპარაკებებში ნაციონალურ მოძრაობას მონაწილეობა არ უნდა მიეღო.

"არა იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ, ან ჩვენი პარტნიორების არ მჯერა ან პოლიტიკური კომპრომისი არ მესმის, არამედ გულწრფელად მჯერა - ეს იქნებოდა ენმ-ის ყველაზე პრინციპული და უკეთესი პოზიცია. დღეს განსაკუთრებით.ახლაც ამ აზრზე ვარ: პარტიის თავჯდომარე თუ ციხეშია ვერ იქნება ჩვენი გადაწყვეტილება სრულფასოვანი და მორალურად გამართლებული. ასევე ვერასდროს გავიგებ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის სტუმრობას", აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმების დოკუმენტზე ხელომწერის ცერემონია გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიაზე ონლაინ ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც, რომლის პირადი მედიაციით დაიწყო დიალოგი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ოპოზიციური პარტიებიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა, "მოქალაქეებმა"

პარტიის სახელით დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობა" და "ევროპულმა საქართველომ", თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, როგორც სადეპუტატო მანდატის მფლობელმა. ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.