ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის გაფორმებულ შეთანხმებას აფასებს.
„ხელოვნური კრიზისი დასრულებულია! მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებს - ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს! ეს საქართველოს გამარჯვებაა! კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით!
განსაკუთრებული მადლობა "ქართული ოცნების" უდიდეს გუნდს და უმაგრეს ჯარისკაცებს, ჩვენს ერთგულ, ჭკვიან, პრაგმატულ და საქართველოს პატრიოტ ამომრჩევლებს!" - წერს სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე.
დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიაზე ონლაინ ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც, რომლის პირადი მედიაციით დაიწყო დიალოგი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
ოპოზიციური პარტიებიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა, "მოქალაქეებმა"
პარტიის სახელით დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობა" და "ევროპულმა საქართველომ", თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, როგორც სადეპუტატო მანდატის მფლობელმა. ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.