აშშ-ის საელჩო საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საელჩოს განცხადებით, აშშ მიესალმება შეთანხმებას და მზადაა პარლამენტს მხარი დაუჭიროს შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველყოფაში
"ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ევროკავშირის პრეზიდენტ მიშელის მედიაციის დახმარებით მიაღწიეს.
ეს შეთანხმება რთულ კომპრომისებს მოითხოვდა ყველა მხრისგან. უპირველეს ყოვლისა, იგი მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობასა და ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ინტენსიური მუშაობის გასაგრძელებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა მნიშველოვანი ნაბიჯია, რითაც სრულდება მრავალთვიანი მოლაპარაკებები, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია მისი განხორციელებაც. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს, ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.
ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას, რათა სრულად ფუნქციონირებად პარლამენტში საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს.
როგორც ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
დღეს, ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიაზე ონლაინ ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც, რომლის პირადი მედიაციით დაიწყო დიალოგი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
ოპოზიციური პარტიებიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა, "მოქალაქეებმა"
პარტიის სახელით დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობა" და "ევროპულმა საქართველომ", თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, როგორც სადეპუტატო მანდატის მფლობელმა. ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.