პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიას მას შემდეგ მიიღებენ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადაიხდის.
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ისინი მელიას უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვენ და თუ ნიკა მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
ქადაგიშვილის განმარტებით, შეთანხმების დოკუმენტშიც ასეა გაწერილი.
“იქ შემოთავაზებული მექანიზმი იყო ასეთი, რომ უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და ამის შემდეგ პარლამენტში დეპუტატები მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. კანონის ელემენტარული პატივისცემა უნდა ყოფილიყო ყველასთვის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით პოლიტიკოსისთვის. გამომდინარე აქედან, ამაზეა საუბარი, რომ ჩვენთვის ნიკანორ მელიას 40-ათასლარიანი გირაო არაფერს არ წარმოადგენს. აქ საუბარია ელემენტარულ გაგებაზე, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი და პარლამენტის წევრი კანონის დარღვევის პროპაგანდას არ უნდა აკეთებდე. ეს არის მთავარი, თორემ პოლიტიკური ამნისტიის აქტის გამოცემა მოხდება
“რაც შეეხება ვადებს, აქ უნდა ვივარაუდოთ ის, რომ ყველაფერი “ქართულ ოცნებაზე” არის დამოკიდებული. დამოკიდებულია იმ პარლამენტარებსა და პარტიებზე, რომელთაც ხელი მოაწერეს ამ ხელშეკრულებას”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეთანხმების დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელი მოაწერა “სტრატეგია აღმაშენებელმა”,“ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “ქართულმა ოცნებამ”. დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ ენმ-ის დატოვების შესახებ განაცხადა, ასევე “ევროპული საქართველოს” მოქმედმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა და ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.