ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოს ოფისი ავრცელებს.

გრიგოლ ვაშაძემ, პარტიის ლიდერების მხრიდან, ანტიდასავლური განცხადებების გამო, "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე თვის წინ დატოვა. "ნაციონალური მოძრაობიდან" შეთანხმებას, ინდივიდუალურად ხელი მოაწერა სალომე სამადაშვილმაც. ხელმოწერის გამო, თანაპარტიელების მხრიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო, სამადაშვილმა ენმ-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ ნიკა მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ენმ მელიას უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს.

19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიებიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა, "მოქალაქეებმა". შეთანხმებას ხელი მოაწერა ასევე "ევროპული საქართველოს" საარჩევნო სიით გასულმა სამმა დეპუტატმა: დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ. "ევროპულმა საქართველომ" 2020 წლის არჩევნებზე სულ 5 მანდატი მოიპოვა.