"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ასოცირებამ მიიღოს სრულყოფილი სახე, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად", - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მან შესთავაზა პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომ ივლისში, ბათუმის უკვე ცნობილი კონფერენცია ევროკავშირთან, გადაიქცეს ასოცირების სამიტად.
"კონფერენციაზე მოვიწვიოთ უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტები, ევროკავშრთან ერთად და ვიმსჯელოთ, თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს ამ ასოცირებამ, რომელიც გვაკავშირებს ამ სამ ქვეყანასა და ევროკავშირს.
დღეს შეხვედრაზე ასევე ვისაუბერეთ აღმოსავლეთ პარტნიორების მომავალ სამიტზე. ეს ორი ერთმანეთს ავსებს და ორივე არის ის ძალიან მჭიდრო კავშირები, რაც ევროკავშირთან გვაქვს და რომელიც უნდა ავამოქმედოთ სრულყოფილად ისე, რომ ამ რეგიონში მეტი სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება შემოვიტანოთ. ამაში დევს როგორც ჩვენი, ასევე ევროკავშირის ინტერესები არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი რეგიონის მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია განვავითაროთ ის პროგრამები, რომლებიც ადამიანებს აკავშირებს და აახლოვებს ერთმანეთთან. ანუ კულტურა და განათლება - ესაა ის ორი მიმართულება, სადაც საქართველო უნდა წავიდეს ისე შორს, როგორც შეიძლება და კიდევ უფრო შორს. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ ეკუთვნიან ნამდვილად ერთ ოჯახს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოფრინდა. ვიზტის გადაწყვეტილება სპონტანურად 19 აპრილს მიიღო მას შემდეგ რაც, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ შეთანხმების ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.