სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მზადაა, დახმარება გაუწიოს საქართველოს პარლამენტს, რომ ამ შეთანხმების მისწრაფებები განხორციელდეს

მივესალმებით საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეპარტამენტი მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და პოლიტიკურ პარტიებს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით წარდგენილი შეთანხმება მხარეებისგან რთულ კომპრომისსა და პოლიტიკურ გამბედაობას ითხოვდა. ეს შეთანხმება საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშანია. მისი განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანია. პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს მოვუწოდებთ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ერთად მუშაობა დაიწყოს. აშშ მზად არის, დახმარება გაუწიოს საქართველოს პარლამენტს, რომ ამ შეთანხმების მისწრაფებები განხორციელდეს. როგორც ყოველთვის, აშშ მზად არის, საქართველოს დაეხმაროს ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანების გზაზე“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.