ანდრიუს კუბილიუსი: ვიწყებთ დიალოგს ბრიუსელში, თუ როგორ გავხადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი უფრო ამბიციური

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატმა მთელს ევროპის კონტინენტს სტაბილურობა და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს", - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთებას გეგმავს, ამიტომ მისი თქმით, რეზოლუციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის ნაწილში შთაგონება გარკვეულწილად საქართველოს ამ გადაწყვეტილებიდან იქნა მიღებული.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ ევროკავშირისთვის. ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი გეოპოლიტიკური მიმართულებაა. საბოლოო ჯამში, ამ ფორმატმა მთელს ევროპის კონტინენტს სტაბილურობა და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაცია სურთ. იმედი მაქვს, რომ დანარჩენი ქვეყნებიც შეუერთდებიან. მოხარული ვარ, რომ ბელარუსის მხრიდან მოდის დადებითი სიგნალები და მათ სურთ ამ ფორმატში ჩართვა. გრძელდება რეზოლუციებზე ხმის მიცემის პროცესი. გვინდოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული ყველა გამოწვევა ჩვენს მიერ შემუშავებულ ტექსტებში აგვესახა“, - განაცხადა კუბილიუსმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი უფრო ღია იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ამბიციების მიმართ.

„გვსურს ევროკავშირი უფრო ღია იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ამბიციების მიმართ. ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის კვლევა გვიჩვენებს, რომ განვითარების, ინტეგრაციის და მიღწევების კუთხით არ არსებობს განსხვავება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს შორის. საქართველო ბევრ შემთხვევაში ლიდერობს კიდეც. სწორედ ამიტომ, ჩნდება კითხვა, თუ რატომ ყოფს ევროკავშირი ამ ქვეყნების ჯგუფს ორად და მხოლოდ ერთს სთავაზობს გაწევრიანების პერსპექტივას. აქედან გამომდინარე, ვიწყებთ დიალოგს ბრიუსელში, სხვადასხვა ინსტიტუტებში და ევროპარლამენტში, თუ როგორ გავხადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი უფრო ამბიციური და კონკრეტული ინტეგრაციის პერსპექტივების კუთხით“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ასამბლეის თანათავმჯდომარემ, საქართველოს, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა მიულოცა.

„მსურს დავასრულო გულწრფელი მილოცვით საქართველოს პოლიტიკური საზოგადოების მიმართ. როგორც ჩანს, პოლიტიკური კრიზისი სრულდება. მსურს შევაქო მმართველი პარტია, ისევე როგორც ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მსურს შევაქო შარლ მიშელი მისი ძლიერი მმართველობის სტილისთვის, რაც ევროპაში არც ისე ხშირია. ჩემი გამოცდილებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიები ყოველთვის დაკავშირებულია საქართველოსთან. მოვუწოდებ ჩემს ქართველ კოლეგებს, ნუ გააგრძელებენ ამ ტენდენციას, იმედი მაქვს შემდეგი სესიაც საქართველოში მიმდინარე კრიზისს არ დაეთმობა“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.