ნიკა მელია: თავს ვგრძნობ მოტყუებულად და დამცირებულადაც კი

„თავს ვგრძნობ მოტყუებულად და დამცირებულადაც კი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე შარლ მიშელის დოკუმენტის იმ ნაწილს აკრიტიკებს, სადაც მისი გათავისუფლების გზებზეა საუბარი.

" შეთანხმება, რომ შედგეს, აუცილებელია ერთი წინაპირობა შესრულდეს და რა არის ეს წინაპირობაა თურმე?! ვიღაცამ უნდა გადამიხადოს გირაო მე და ამისთვის საჭირო ყოფილა ჩემი თანხმობა. არაფერი არ შეცვლილა ჩემთან მიმართებაში ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეს არის არა ჩემი აკვიატება, არა ახირება, არამედ იდეა. იდეა, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი არ დავუხარო ამ უსამართლობას და ამით გავწყვიტო ეს ჯაჭვი. იდეას მე არ ვუღალატებ. ამ იდეისთვის ხალხი სიცოცხლეს სწირავს, არათუ თავისუფლებას", - აცხადებს მელია.

მელიას ოპოზიციის წარმომადგნლების, ანაგუნდელების მიმართ წუხილს გამოთქვამს, რომ მათ მისი პოზიცია არ დაიცვეს.

"როგორ ვეხვეწე ჩემს კოლეგებს, დიდ ნაწილს სასამართლო პროცესზე, რომ ამ ბრძოლაში არ მიეცათ ჩემი თავისუფლებით ვაჭრობის უფლება და არ უნდა ვექციე ვაჭრობის საგნად. გამოვიდა, რომ ჩემი ურყევი პოზიცია, რომ არც მე და არც არავინ არ უნდა გადაიხადოს ეს გამოსასყიდი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არავინ არ დაიცვა. ეს არის ფაქტი, ძალიან მიჭირს ამის თქმა", - აცხადებს ნიკა მელია.

გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა ნიკა მელიას გირაოს თანხა ევროკავშირმა გადაიხადოს.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, მელიას უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვენ და თუ ნიკა მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან მხოლოდ მელიას უპირობოდ გათავისუფლების შემთხვევაში შევლენ პარლამენტში.