"ახლა როცა დოკუმენტს ხელს აწერს ყველა, დასავლეთი დაიღლება „ნაციონალური მოძრაობის“ ჭირვეულობით", - ამის შესახებ Europetime-ს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ეს სიტუაცია უკვე გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემად და გამოსავლის პოვნას ცდილობენ. .
"მელიას ახლაც შეუძლია ნებისმიერ დროს გამოვიდეს ციხიდან, ყველამ იცის ეს. რას ქვია თუ გათავისუფლდება როგორც ეს, ნიკა მელიას სურს?! სააკაშვილის დღევანდელი განცხადებიდან გამომდინარე, ვფიქრობ ის იაზრებს, რომ ხაფანგში აღმოჩნდა. ხაფანგში იმიტომ, რომ ერთადერთი პარტიაა, რომელიც პარლამენტის გარეთ რჩება, რასაც თავისი შედეგები მოჰყვება. რამდენ ხანს უნდა იყოს ეს პარტია და რამდენ ხანს იარსებებს, სააკაშვილის ფაქტორის ხარჯზე? ამომრჩევლის რაღაც ნაწილი შეიძლება შეინარჩუნოს, მაგრამ საგრძნობლად დაარტყამს და დააზარალებს ეს სიტუაცია. პირველ რიგში დასავლეთის თვალში მათ რეპუტაციას დაარტყამს. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კი დასავლეთის მხარდაჭერა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მემგონი უკვე ცდილობენ გამოსავალი იპოვონ“, - განუცხადა Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ შეთანხმების დოკუმენტს, ოპოზიციამ სრულად არ მოაწერა ხელი. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდის და ამნისტიის გზით გათავისუფლდება, დოკუმენტს ხელს მაინც არ მოაწერენ, რადგან მხოლოდ მის უპირობოდ გათავისუფლებაზე არიან თანახმა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუ მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება ისე, როგორც მას სურს, „ნაციონალურ მოძრაობას“ დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ნიკა მელია კი აცხადებს, რომ ის უარს ამბობს გირაოს გადახდაზე და ამნისტიით გამოშვებაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ნიკა მელიას გირაოს თანხა ევროკავშირმა გადაიხადოს.