უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკის განცხადებით, უკრაინას დასავლეთის ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერა აქვს, თუმცა გაცილებით მეტი შეიძლება დაჭირდეს, ვიდრე პარტნიორების დიპლომატიური შეშფოთება.
„არ გვეშინია, ვინაიდან საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს. ისინი ჩვენ გვერდით დგანან. ისინი ნათლად ხედავენ რუსეთის ჭეშმარიტ მოტივებს“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ პარტნიორები მზად არიან, უკრაინას ფინანსურად დაეხმარონ და რუსეთს უფრო მკაცრი სანქციები დაუწესონ.
„უკრაინა მადლობელია ამ მხარდაჭერისთვის. ამასთანავე, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რისთვის არის მსოფლიო კიდევ მზად. როგორ დაგვეხმარებით, თუ ევროპის ცენტრში საზღვრების უგულებელყოფა კვლავ მოხდება? გესმით თუ არა, რომ უკრაინას გაცილებით მეტი დასჭირდება, ვიდრე დიპლომატიური შეშფოთება?“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინას მკაფიო სიგნალები სჭირდება, რომ დახმარებას არა ტრიბუნებიდან, არამედ უშუალოდ ველზე მიიღებს“.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გამოძახების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, უკრაინის მთავრობას ექნება საშუალება, ოპერატიულად დააკომპლექტოს სამხედრო ნაწილები ისე, რომ მობილიზაციის გამოცხადება საჭირო აღარ გახდება.
პრეზიდენტის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ხელმოწერის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
კანონის მიხედვით, განსაკუთრებულ პერიოდში სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მოქალაქეებს, რომელთაც სამხედრო სამსახურის რეზერვში გავლის შესახებ კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. მათი გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიიღებს. სამხედრო სამსახურში გაწვევის უგულებელყოფა სისხლის სამართლებრივი დანაშაული იქნება.
შეგახსენებთ, უკრაინის საზღვრებთან ვითარება უკვე რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. კიევის ცნობით, უკრაინის საზღვრების სიახლოვეს და ყირიმში მობილიზებულია 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი.