ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოში რადიკალურად შეცვლილი სიტუაციაა, ახლა მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ამოქმედება. ამის შესახებ მან „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინვებინარზე განაცხადა.
კალიურანდის თქმით, პარლამენტი ვერ იფუნქციონირებს და ვერ იქნება დემოკრატიული, თუ იქ არ არის ოპოზიცია.
„ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და უნდა საუბრობდეს ხმამაღლა. ოპოზიციამ უნდა იმუშაოს პარლამენტში ისე, როგორც ეს ქართველმა ხალხმა ისურვა, როდესაც პოლიტიკოსებს მანდატები მისცა ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების დროს. ვერ ვიტყოდი, რომ უკვე ყველაფერი კარგადაა, თუმცა ვიტყვი, რომ საქართველო დაბრუნდა იქ სადაც იმყოფებოდა პოლიტიკურ კრიზისამდე. ახლა საქართველოს შეუძლია ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე მუშაობა. მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა იმ გზას დაუბრუნდება, რომელზეც ვიდექით და ახლა უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება ამ თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა კალიურანდმა.