წარმომადგენელთა პალატა ბელარუსის ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ბელარუსის ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

კონგრესმენები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბელარუსში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ეუთოს დამკვირვებლობის ქვეშ უნდა გაიმართოს.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო, ხოლო არჩევნების შემდგომმა პროტესტმა ბელარუსების დემოკრატიული საზოგადოებისკენ სწრაფვა ცხადყო.

წარმომადგენელთა პალატის წევრები ალექსანდრე ლუკაშენკოს ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ, ხოლო ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ლეგიტიმურ ინსტიტუტად მიიჩნევენ.