უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კიევში დაბრუნდა. ამის შესახებ Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს ცნობით, ელჩი შარაშნიძე კიევში უკვე შეუდგა მოვალეობების შესრულებას.
"ელჩმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან და მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან. შეხვედრებზე უკრაინული მხარე მიესალმა თბილისის გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნების თაობაზე და პოზიტიურად შეაფასა აღნიშნული ნაბიჯი განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ესკალაციის ფონზე. შეხვედრებზე აღინიშნა საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების აქტიური დინამიკა. საქართველოს ელჩმა ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სმაინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 8 მაისს განაცხადა, რომ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია.
ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ეს კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.