ამერიკის შეერთებული შტატების სენატის კომიტეტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას მხარი დაუჭირა.
როგორც ,,ამერიკის ხმის" უკრაინული გამოცემა იუწყება, შესაბამისი კანონპროექტი 21 აპრილს განიხილეს.
პროექტი უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თანხა განკუთვნილი იქნება მათ შორის ლეტალური იარაღის შეძენისთვის. კიდევ ოთხი მილიონი დოლარი კი უკრაინელი სამხედროების წვრთნებზე დაიხარჯება.
ამას გარდა, პროექტის ავტორები უკრაინაში აშშ-ის სპეციალური დესპანის დანიშვნის რეკომენდაციით გამოდიან.
პროექტის წარდგენისას დემოკრატმა სენატორმა, რობერტ მენენდესმა განაცხადა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა „დროული გზავნილია“.
მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის სენატი უახლოეს ხანში დაამტკიცებს უკრაინის მხარდამჭერ კანონპროექტს.