ვალერი ჩეჩელაშვილი: ახლა, უკრაინასთან ურთიერთობის დინამიური განვითარება უნდა იყოს, ჩვენი საკვანძო, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი

საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოსა და უკრაინის მიერ ერთიანი პოზიციის დაფიქსირების მნიშვნელობაზე მიუთითებს, რადგან მიიჩნევს, რომ გლობალური პროცესები გვკარნახობს, დროულად და თანმიმდევრულად დავიკავოთ ჩვენი ადგილი ამ ბრძოლაში და სწორ ადგილას დავდგეთ, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-სთან ერთად, ევროკავშირთან, NATO-სთან და უკრაინასთან ერთად.

ჩეჩელაშვილი საკმარისად არ მიიჩნევს „ზოგად შეფასებებსა და რბილ განცხადებებს, რომ ზოგადად აღშფოთებულები ვართ და მხარს ვუჭერთ უკრაინას“. ის ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ავლებს პარალელს, რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებდნენ და აცხადებდნენ, რომ NATO-ში მხოლოდ ერთად შესვლა სურთ, რადგან მათი სიძლიერე სწორედ ქვეყნების ერთიანობაში იყო.

„ეს კარგად ჩანდა NATO-ს თვალში. სხვათა შორის, იგივე პოლიტიკას მიმართა ვიშეგრადის ჯგუფმაც, არამარტო ალიანსთან მიმართებით, არამედ -ევროკავშირთან. იდეა და მათი გზავნილები იყო, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ NATO-ს წევრები, მაგრამ ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ, როგორც NATO-სწევრები, ეს ძალიან კარგად დაინახეს ალიანსის წევრმა ქვეყნებმა“, - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.

რამ განაპირობა რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების განახლება, რამდენად ეფექტურად იმოქმედებს დასავლეთი უკრაინის დასაცავად; NATO-ში გაწევრიანების რა შანსები აქვს. როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოზე და რამდენად შესწევს ძალა კრემლს აშშ-ის და ევროპის ერთიან ძალებს დაუპისპირდეს, ამ საკითხებზე Europetime ელჩს, ვალერი ჩეჩელაშვილს ესაუბრა:

დღეს, უკრაინა რუსეთთან ომშია. ეს არის ობიექტური რეალობა. რუსეთი გარკვეული მიზეზების გამო ცდილობს ამ ომის ახალი ტალღის წამოწყებას, პირდაპირი აგრესიის სახით.

_მაინცდამაინც ახლა, ამ ვითარებაში, რატომ გადაწყვიტა რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა? ეს ხომ არ არის რუსეთის ერთგვარი რეაგირება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის საპასუხოდ, იმ ფონზე, როდესაც აშშ-მ, ევროკავშირმა და NAtO-მ გადაწყვიტეს კოორდინირებულად იმოქმედონ რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ. რის მიღწევას ცდილობს კრემლი?

ფაქტორების სამ ჯგუფს გამოვყოფდი. პირველი ჯგუფი უკავშირდება აშშ-ის ახალადმინისტრაციას, რადგან პუტინი ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომებით ძალიან გაღიზიანებულია, რაც გამოიხატება იმაში, რომ აშშ რუსეთს მთავარ მოწინააღმდეგედ არ აღიქვამს.

ასეთად ის ჩინეთს აღიქვამს. ამასთან, ბაიდენმა ყველაფერს თავის სახელი დაარქვა და პუტინს მკვლელი უწოდა. ბაიდენი დასაწყისშივე არ დაელაპარაკა პუტინს და თქვა, რომ დაელაპარაკება მაშინ, როცა ამის დრო მოვიდოდა. ამან ძალიან გააღიზიანა პუტინი. ამ დაძაბულობის შედეგად, პუტინმა ნაწილობრივ დაიკმაყოფილა თავისი ეგო, რადგან 13 აპრილს, ბაიდენთან მისი სატელეფონო საუბარი შედგა.

ფაქტორების მეორე ჯგუფი უკავშირდება უკრაინის ახალ პრეზიდენტს.პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან თანმიმდევრულად და მტკიცედ დაიწყო,უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში კარგად ინტეგრირებული რუსული მეხუთე კოლონის დემონტაჟი. პირველ რიგში, ეს ეხება ისეთ ოდიოზურ ფიგურას, როგორიც არის მედვედჩუკი. ამითაც ძალიან გაღიზიანებულია პუტინი, რადგან უკრაინაში გავლენის ბერკეტებს კარგავს.

ფაქტორების მესამე ჯგუფი შიდა რუსული პრობლემებია - ეს არის ეკონომიკა,ხალხის ზოგადი უკმაყოფილება. საპენსიო ასაკის აწევის გამო პენსიონერების უკმაყოფილება, ინტერნეტის შეზღუდვის საკითხი, ახალგაზრდების უკმაყოფილება, რეგიონული ნაციონალური სეპარატიზმის გამოვლინებების გაძლიერება, საერთაშორისო ბაზრებზე რუსეთის შევიწროება და რაც მთავარია, ალექსეი ნავალნის საქმე, რომელმაც მთელი რუსეთი და მსოფლიო ააფორიაქა. შესაბამისად, პუტინი ბედნიერი არ არის იმ რეიტინგებით, რომლებიც მის პარტიას აქვს 2021 წლის სექტემბერში დანიშნული ახალი არჩევნების მოლოდინში. შესაბამისად, ამ სამი ჯგუფის ფაქტორების გათვალისწინებით იყო გამოწვეული რუსეთის სამხედრო გააქტიურება უკრაინის საზღვრებთან.

_2008, 2014 წლებთან რომ გავავლოთ პარალელები, რამდენად შეცვლილია რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მხარდაჭერის ხარისხი და რამდენად ქმედითუნარიანი და შედეგის მომტანი იქნება უკრაინისთვის ეს მხარდაჭერა?თუნდაც ის გარემოება, რომ რუსეთისგან თავდასაცავად, უკრაინის პრეზიდენტი NATO-ში გაწევრიანების დაჩქარებას ითხოვს, დასავლეთს რამდენად აქვს საკმარისი ბერკეტები, რუსეთის არაპროგნოზირებად ქმედებებს პასუხი გასცეს ისე, რომ უკრაინა არ დაზარალდეს? ამ პროცესში საქართველო რა პოზიციაზეა?

უკრაინის ასეთი დამოკიდებულება და პოლიტიკა თვითონ პუტინის პოლიტიკამ განსაზღვრა - იმიტომ, რომ არის ძალიან კარგი ტაქტიკური მოთამაშე, მაგრამ ცუდი სტრატეგი. მან საქართველოში 2008 წელს ბრწყინვალე ტაქტიკური ოპერაციები გაითამაშა, უკრაინაში - 2014 წელს. რის შედეგადაც, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე კონტროლი მოიპოვა, მაგრამ საქართველო დაკარგა, ყირიმის ანექსიით დაკარგა უკრაინა, კონტროლი აქვს დნესტისპირეთზე, მაგრამ დაკარგა მოლდოვა.

ამ მანკიერ პრინციპებზე აწყობილი პოლიტიკა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. ზოგადად, ცივილიზებულ სამყაროში მიღებულ თამაშის წესებს. ეს არა მხოლოდ საგარეო ასპარეზზე უქმნის პრობლემებს პუტინს, ამ სანქციური პოლიტიკის ჩათვლით, არამედ ქვეყნის შიგნითაც. პრაქტიკულად, ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქვეყანას, რომელიც რუსეთის გულწრფელი მოკავშირეა. თუ რუსეთს ჰგონია რომ ჩინეთია, ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი შეცდომა. ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიც არის ბელარუსი, სომხეთი ანტაჯიკეთი, თითქოს, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულნი არიან რუსეთზე, იქაც კი საზოგადოებრივ განწყობებს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ საზოგადოება რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის.

ყველა ხედავს, რომ კრემლს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს, რაც შეიძლება უფრო მეტად შეასუსტოსთავისი სამეზობლო, დემოკრატიის გაძლიერება და იმ სახელმწიფოს განვითარება, კეთილდღეობა არ დაუშვას და ა.შ. შესაბამისად, შეინარჩუნოს დომინირება.

საქართველოს მიმართაც იგივე ჭეშმარიტებაა. ეს პოლიტიკა რუსეთს არა მხოლოდ საგარეო ასპარეზზე უქმნის პრობლემას, არამედ შიგნითაც. კრემლი ცდილობს, ქვეყანაში ინტერნეტი შეზღუდოს, მაგრამ ახლა სხვა სამყაროა, ადამიანებს მოგზაურობას ვერ აუკრძალავ, ვერც ინტერნეტით სარგებლობას, მაშინ ჩრდილოეთ კორეა უნდა გახდე. ამიტომ, რუსეთის შიგნით საზოგადოებაში თანდათან აკუმულირდება პუტინის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება.

ამას ისიც ემატება, რომ პუტინი უკვე ის პუტინი აღარ არის, რომელიც 10 და15 წლის წინ იყო, კარგად მახსოვს, როდესაც ძალიან აქტიური და სხარტი იყო.რთულ შეკითხვებზე პასუხს მარტივად პოულობდა. ამაში ერთგვარ სიამოვნებასაც კი იღებდა. რაც უფრო მწვავე კითხვას უსვამდნენ, გამოწვევად იღებდა დაპასუხობდა. ახლა რომ დავაკვირდეთ მის გამოსვლებს და პასუხებს, ხანდახან ძალიან უჭირს სხარტი პასუხების მოძებნა. მერკელის ვიზიტის დროს, მოსკოვში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირანის მაგივრად უკრაინა ახსენა დაკიდევ სხვა შეცდომები დაუშვა.

ბუნებრივიც არის, 20 წლის განმავლობაში არაბუნებრივი სიმძლავრის წნეხის ქვეშ იმყოფება, რომელიც დიდ წილად თვითონაც შექმნა. როდესაც ყველას უპირისპირდები შიგნით და გარეთ - ვინც მასთან არ არის, ყველას მტრად იღებს. ეს წნეხი ხომ მასზეც, როგორც ბიოლოგიურ არსებაზე მოქმედებს. ამის უგულვებელყოფა არ შეიძლება. ამიტომ, მე ვფიქრობ რომ სერიოზული პრობელმები ელოდება პუტინს, რომელიც განპირობეულია პრობლემების ამ ორი ჯგუფით. ერთი რუსეთის შიგნით, მეორე გარეთ, დასავლეთის კონსოლიდირების შედეგად.

_რამდენად დაასუსტა რუსეთის ეკონომიკა პანდემიამ და რამდენად აისახება ეს ფაქტორი მის საგარეო პოლიტიკაზე? რამდენად გაუმკლავდება რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის ერთიანი ძალებით შეტევას?

პანდემიამ ყველა სახელმწიფო დააზარალა. თუმცა ეკონომიკურად რუსეთი უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის ეკონომიკის აღდგენა გაცილებით სწრაფი ტემპებით ხდება, ვიდრე რუსეთის. ვაქცინაცია იქ უფრო სწრაფად და ეფექტურად ჩატარდა. ამერიკას ეკონომიკის სამპროცენტიანი ზრდა აქვს. აშშ-ის ეკონომიკის 3-პროცენტიანი ზრდა, რუსეთის მთელი ეკონომიკის 25-პროცენტიანი ზრდის ტოლფასია. ამერიკის და რუსეთის ეკონომიკები თანაზომადი არ არის.

აშშ-ის ეკონომიკის რესურსი არის 22 ტრილიონი ამერიკული დოლარი. რუსეთის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.5 ტრილიონს შეადგენს. ერთმანეთს ვერ დაატოლებ. პლუს ამას, ამერიკას თავისი პარტნიორები ჰყავს, ევროატლანტიკური სივრცე, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი. ამას დაამატეთ ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა, ამასთან, რა არის რუსეთის 1.5 ტრილიონი? 45 ტრილიონიან ეკონომიკურ სივრცეს, როგორ უნდა დაუპირისპირდეს?! თუ სერიოზულად არ მოხდა რუსეთის პოლიტიკის, ხედვების გადალაგება, რაც პუტინის პირობებში შეუძლებელია, რუსეთს სერიოზულ პრობლემები შეექმნება.

ეს გლობალური პროცესები გვკარნახობს, რომ დროულად და თანმიმდევრულად დავიკავოთ ჩვენი ადგილი ამ ბრძოლაში და სწორ ადგილას დავდგეთ, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-სთან ერთად, ევროკავშირთან, NATO-სთან დაუკრაინასთან ერთად. საკმარისი არ არის რაღაც სახის ზოგადი შეფასებები და რბილი განცხადებები, რომ ზოგადად აღშფოთებულები ვართ და მხარს ვუჭერთ უკრაინას.

მივესალმები, ელჩის დაბრუნება სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამ ელჩის დაბრუნება სულ სხვანაირი ფორმით უნდა მომხდარიყო. საგარეო საქმეთა მინისტრს ბევრად უფრო ძლიერი განცხადება უნდა გაეკეთებინა, რომელიც ახსნიდა, რატომ, რისთვის; რომ უკრაინა ჩვენი პარტნიორია; პარტნიორობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ და დაშვებული შეცდომები დავივიწყოთი იმიტომ,, რომ ჩვენ ვართ უკრაინასთან ერთად ამ ბრძოლაში.

ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა კიდეც, საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ვიზიტით ჩასულიყო კიევში, თან ჩაეყვანა ელჩი. ამას მიეცემოდა სულ სხვა ჟღერადობა. ეს იქნებოდა ძალიან ძლიერი გზავნილი. შეხვდებოდა ზელენსკისაც. შესაბამისად, საქართველოს თემა გაჟღერდებოდა და შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ჩვენ ვართ უკრაინასთან ერთად - უკრაინასთან ერთად საქართველოც NATO-ში, ერთი დღის წესრიგი გვაქვს, ერთი პრობლემები გვაქვს, ერთად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. ამიტომ, საქართველოც დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში ისევე უნდა იყოს, როგორც არის უკრაინა.

_ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა აქვს არჩეული და ე.წ საფრთხის დაბალანსების პოლიტიკას მიმართავს იმისთვის, რომ უკრაინაში არსებული სიტუაცია არ მიიღოს, რასაც კრიტიკულად აფასებენ რიგი ექსპერტები. თქვენ როგორ შეაფასებთ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას?

უკრაინამ 1997 წელს, რუსეთთან თანამშრომლობის და კეთილმეზობლობის ხელშეკრულება დადო. მერე მოხდა ამის რატიფიკაცია პარლამენტში. მოგვიანებით, საზღვრების დელიმიტაციაზე პუტინმა მოაწერა ხელი. ეს ყველა დოკუმენტი რუსეთმა აიღო და ნაგვის ყუთში მოისროლა. ამიტომ, რუსეთთან რა სახის ხელშეკრულება და შეთანხმებაც არ უნდა გაფორმდეს, არცერთ ქვეყანას არანაირი გარანტია არ აქვს, რომ ის პირობას შეასრულებს.

ჩვენ რომ ვიყოთ შვეიცარია, საზღვარი არ გვქონდეს რუსეთთან და ის პრობლემები, რაც ახლა გვაქვს - როცა რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს და კლავს. ამის მაგალითებია, ტატუნაშვილი, ოთხმეზურია და კიდევ სხვა ბევრი შემთხვევა, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა კიდევ შეიძლება, რომ გამართლებული ყოფილიყო, თუნდაც რომ დაგვენახა, აფხაზეთს და ცხინვალს ქართველებთან დალაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას ურჩევს. ჩვენ ხომ ამას ვერ ვხედავთ?! კი ბატონო, ვაჭრობა გაიხსნა, ტურისტები შემოდიან, მაგრამ უკაცრავად, ეკონომიკა და ვაჭრობა რომ გაიხსნა, ამით ჩვენც ვსარგებლობთ და რუსებიც სარგებლობენ. რუსეთი გაცილებით მეტ თავის პროდუქტს ყიდის აქ, ქართულ ბაზარზე, ვიდრე ჩვენ ვყიდით რუსეთში.

ამიტომ, რუსებსაც არანაკლებ აწყობთ სავაჭრო ურთიერთობა, ვიდრე საქართველოს. კრემლი ცდილობს, რუსი ტურისტების შემოსვლა შეზღუდოს საქართველოში, რადგან არ აწყობს, მისმა მოქალაქეებმა დაინახონ, რამდენად ბევრად დალაგებული ქვეყანაა საქართველო.

მილიონზე მეტი ტურისტი, რომელიც პანდემიამდე ჩამოდიოდა, რუსეთში დაბრუნების შემდეგ თავის გარემოცვასთან სიმართლეს ჰყვებოდა, მერე მათი გარემოცვის ტვინის რეცხვა რთული ხდება. ამის გამოც აწყობს, პროვოკაციებს, მაგრამ არ გამოუვა. რუსების 70 პროცენტი ხმელეთით შემოდიოდა. მთელი ჩრდილოეთ კავკასია აქ ჩამოდიოდა, რადგან მათთვის ვართ თავისუფლების დადემოკრატიის კუნძული. სხვა პლუსებზე აღარ ვსაუბრობ.

_უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთისგან მისი რეალურად დაცვის ერთადერთი გზა, მისი NATO-ში გაწევრიანებაა. ამ მოცემულობით რა შანსები აქვს უკრაინას? რამდენად რეალურია მისი NATO-ში გაწევრიანება ასეთი კონფლიქტებით, და საქართველო რა პოზიციაზეა ამ პროცესში? შეიძლება თუ არა პარალელების გავლება ახლანდელ მდგომარეობას და ბალტიისპირეთის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების წინაპირობებს შორის?

ბალტიისპირეთის ქვეყნები კარგი მაგალითია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს,ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. აცხადებდნენ რომ მათ არ სურთ მარტო გაწევრიანება, მხოლოდ ერთად შესვლა სურთ, რადგან მათი სიძლიერე სწორედამ სამი ქვეყნის ერთიანობაშია, ეს კარგად ჩანდა NATO-ს თვალში. სხვათა შორის, ვიშეგრადის ჯგუფმაც იგივე პოლიტიკას მიმართა, არამარტო ალიანსთან მიმართებით, არამედ - ევროკავშირთან. იდეა და მათი გზავნილები იყო, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ NATO-ს წევრები, მაგრამ ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ, როგორც NATO-ს წევრები, ეს ძალიან კარგად დაინახეს ალიანსის წევრმა ქვეყნებმა. ამის გარდა, აღნიშნულმა ქვეყნებმა, ძალიან მნიშვნელოვანი დაწარმატებული რეფორმები განახორციელეს.

დღეს დღეობით, ჩვენი ეკონომიკა სავალალო ვითარებაშია. 9 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა არ გვქონია. რომ შევადაროთ ევროკავშირის წევრ ყველაზე სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, ბულგარეთის ეკონომიკა ბოლო 9 წლის განმავლობაში 25 პროცენტით გაიზარდა.

ახლა წარმოიდგინეთ, როგორ შეგვაფასებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ჩვენ რომ ვიყოთ ეკონომიკურად წარმატებული სახელმწიფოები, გაცილებით უფრო რეალისტური იქნებოდა გაწევრიანება, NATO-სა და ევროკავშირში. მაგრამ უკრაინისთვის ოლიგარქიული, კორუფციული და ეკონომიკური პრობლემები არის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენც ხომ შეგვიძლია დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებით პროგრესის მიღწევა?! სწორედ ამაზე მწყდება გული,რომ სათანადო მუშაობა არ მიმდინარეობს. სწორედ ეს მთავარი საკითხებია, რამაც უნდა დააგვაახლოვოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან.

_NATO-სთან ურთიერთობის ჭრილში, თქვენ ახსენეთ ბალტიისპირეთის ერთიანი პოზიცია, რომ ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო მთელი რეგიონი და არა მხოლოდ ცალკეული ქვეყანა. დღეს უკვე NATO დიდ ინტერესს იჩენს შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების მიმართ. ამ შემთხვევაში რამდენად ზრდის შავი ზღვის აუზი საქართველოსთვის და უკრაინის სტრატეგიულ საჭიროებას და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ფაქტორი? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თურქეთმა მონტროს კონვენციას გადახედა და აშშ-ს და NATO-ს სამხედრო გემებს შესვლის უფლებას აძლევს.

შავი ზღვის უსაფრთხოება არის NATO-ს დღის წესრიგში ძალიან პრიორიტეტული საკითხი, საქართველო და უკრაინა ერთიან კონტექსტში განიხილებიან. თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი არიან NATO-ს წევრი ქვეყნები. ჩვენ ერთიან სივრცეში მოვიაზრებით, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნები. ჩვენ ასევე წარმოვადგენთ სერიოზულ გეოპოლიტიკურ სივრცეს NATO-სთვის ამ რეგიონში, რომელიც ახლოს არის ირანთან და ახლო აღმოსავლეთთან.

ჩვენი ქვეყანა NATO-სთვის დიდი შენაძენი იქნება, ჩვენ რომ გამოვამჟღავნოთ ისეთი ფასეულობების მიმართ ერთგულება, როგორიც არის, ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებზე აგებული სტაბილური და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება, დასავლურ სამყაროში მიღებული თამაშის წესებით უნდა ვიმოქმედოთ, არამხოლოდ - ვილაპარაკოთ. ის რომ, ჩვენ ვართ ევროპელები, ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა დავადასტუროთ და ბევრი რამ გავაკეთოთ, რომ დასავლეთისთვის ღირებული პარტნიორი გავხდეთ.

როგორც კი დასავლეთი დარწმუნდება, ჩვენ ვართ ღირებული, თვითმყოფადი,თვითკმარი, სტაბილური პარტნიორი, რომელსაც შეუძლია, არამხოლოდ მოითხოვოს, თავისი კონტრიბუციაც გააკეთოს NATO-ს ინტერესების დღის წესრიგში, სულს ხვა ვითარებას მივიღებთ.

ეს ჩვენც გვეხება და უკრაინასაც. აი, აქ ძლიერი დუეტია, გაცილებით უფროძლიერი ფაქტორი, ვიდრე სოლო. ამის მომხრე ვარ და ამიტომ მიმაჩნია, რომ უკრაინასთან ურთიერთობების დინამიური განვითარებაა ჩვენი საკვანძო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ამ მიმართულებაზე ფოკუსირებული უნდა იყოს ჩვენი ძალისხმევა. იმედია საგარეო საქმეთა სამინისტრო მაზე სერიოზულად ფიქრობს და მუშაობს.