უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მინისტრებმა განიხილეს უკრაინის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ისევე როგორც ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები.
დმიტრო კულებას თქმით, მინისტრებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ორი ქვეყნის ინტერესების და ეკონომიკის უკეთესად დაცვა ევროკავშირთან დიალოგის გზით.
„ჩვენ ვართ ორი მეგობარი სახელმწიფო. ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგზე. მივესალმე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, დააბრუნოს საქართველოს ელჩი კიევში. განვიხილეთ სამომავლო გეგმა ერთობლივ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისკენ, ვინაიდან ორივე ქვეყანას აქვს საკმაოდ სამწუხარო გამოცდილება. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ”-განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.
კულებას განმარტებით, საქართველო უკრაინის კარგი მეგობარია და უკრაინას ყოველთვის შეუძლია დაეყრდნოს თბილისს და ანალოგიურად თბილისს შეუძლია ჰქონდეს კიევის იმედი.
„როდესაც საუბარია უკრაინის და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე, ჩვენ ფაქტობრივად ვსაუბრობთ იმ გზებზე, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნები რუსეთისგან. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციაზე, ჩვენ გვესმის, რომ ვსაუბრობთ რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების დეოკუპაციაზე. მივაწოდე ჩემს კოლეგას ინფორმაცია უკრაინაში და ჩვენი საზღვრების გასწვრივ არსებულ ვითარებაზე“ - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.