სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც საქართველში 2021 წლის 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულების მხარდაჭერას გამოხატავს და ყველა პოლიტიკურ მხარეს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებს.
როგორცსენატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეზოლუცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულებას უჭერს მხარს.
სენატი „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოს პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს მოუწოდებს, სრულად შეასრულონ ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიშელის მიერ 2021 წლის 18 აპრილს შემოთავაზებული და 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.
"სენატი პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს მოუწოდებს, დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა შემდგომი შეფერხების გარეშე საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მათ შორის COVID – 19-ის პანდემიის შედეგებზე, დასუსტებულ ეკონომიკასა და რეგიონალური დინამიკის გამოწვევაზე;
სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაატაროს სისტემური რეფორმები, რომელიც შემუშავებულია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და გამჭვირვალე კონსულტაციების გზით, რათა უზრუნველყოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა და ის არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური და პარტიული მიზნებისათვის.
სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაიწყოს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული სისტემური საარჩევნო რეფორმები, პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი მიზეზების გადასაჭრელად და კრიზისის განმეორების თავიდან ასაცილებლად. მათ შორის ეუთო / ოდირის რეკომენდაციების სრულად მიღებით და განხორციელებით.
სენატი აცნობიერებს, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთის ფედერაციის მცდელობებით, ქაოსი დათესოს მთელ საქართველოში, მათ შორის არალეგალურად ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.
სენატი გამოხატავს შეშფოთებას, რომ ხელისშემშლელი ფაქტორები ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განმტკიცებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვისა და მისი ეკონომიკის გაძლიერებისკენ. ამან შეიძლება გამოიწვიოს პირობები, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს", - ნათქვამია რეზოლუციაში.
სენატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში უფრო ძლიერ დემოკრატიას ისეთი მმართველი ინსტიტუტებით, რომლებიც ავლენენ მთლიანობას, ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების სისტემას, გამჭვირვალობას, რუსული და სხვა მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას და ქართველ ხალხს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევის შესაძლებლობას აჩვენებს.
რეზოლუციის თანაავტორები არიან სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში.
ამერიკელმა სენატორებმა კონგრესის ზედა პალატაში რეზოლუცია 22 აპრილს წარადგინეს.