" 23 მაისს, დედაქალაქში აუღებელ აქციებს დავიწყებთ", - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მთავრობამ ჰესის მშენებლობასთან დაკავირებით მიღებული გადაწყვეტილბები გამოაქვეყნა.
მისი თქმით, ნამდვილად არ სიამოვნებთ ფართომასშტაბიანი აქციების გზა, თუმცაღა ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს ვექტორი სხვაგან წავიდეს.
მისი თქმით, დღეს 16:00 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში აქციები იგეგმება , ფართომასშტაბიანი აქცია კი, დედაქალაქში 23 მაისს გაიმართება.
"გვერჩივნა დიალოგის ფორმატში გადაგვეწყვიტა ეს საკითხები, თუმცაღა ხელისუფლება ცდილობს, საკითხებში შინააარსობრივად არ შევიდეთ და მართლა შინაარსობრივი საუბრები არ გაიმართოს ჩვენ შორის“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
აქციის მონაწილეთა თქმით, მთავრობის განცხადება მიუთითებს რომ ჰესი აშენდება, რაც პროტესტის ხელოვნური დეესკალაციაა და მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
"ის განცხადება, რომელიც დღეს ნამახვანჰესთან დაკავშირებით მთავრობამ გამოაქვეყნა, არის ჩვენი მოთხოვნების პირდაპირი დაუკმაყოფილებლობა.ეს მიუთითებს იმს, რომ ხელისუფლება იმ პოზიციაზე დგას, რომ ჰესი აშენდება. ისინი ცდილობენ მოხდეს პროტესტის დეესკლაცია ხელოვნურად. მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ხალხს და ისაუბრონ პროტესტის აქტორებთან.ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობები, რომ "გააპრავონ" ხარვეზები, რომელიც ნამახვანის ხელშეკრულების სახით ვიხილეთ. ამ განცხადებით აღიარებენ, რომ ხელშეკრულება ეროვნული ინტერესების დარღვევით გაფორმდა,"- განაცხადა რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა მირზა ნოზაძემ.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობა "ნამახვანჰესის" მშენებლობაზე 9-12 თვიან მორატორიუმს აცხადებს და "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების გადახედვას გეგმავს. ამასთან, ნამახვანჰესის გარემოზე ზემოქმედების საკითხს, ევროკავშირის წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი შეისწავლის. ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია დამატებით ბარიერებს ხსნის და აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლებას აძლევს