"მსურს გამოვხატო პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, რომ მან გამოიჩინა გამბედაობა ხელი მოეწერა დოკუმენტზე თავისი ყოფილი პარტიის მხარდაჭერის გარეშე", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვოლა ფონ კრამონი twitter-ზე წერს.
"სამადაშვილი იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან, ვისაც სურს დაძლიოს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ დააბრუნოს ქვეყანა კონსტრუქციულ და ევროატლანტიკურ გზაზე. დიდი მადლობა ამ პოლიტიკოსებს," - წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი, ინდივიდუალურად მოაწერა, რის გამოც ის "ნაციონალური მოძრაობის" და მათი მხარდამჭერების კრიტიკის ობიექტი გახდა. აღნიშნული თავდასხმების შემდეგ სამადაშვილმა განაცხადა რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას გეგმავს. თუმცა ჯერ აპირებს პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაელაპარაკოს.
"ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლების გეგმას აპროტესტებს და მის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. მათი თქმით, სანამ მელიას უპირობოდ, პროკურატურის შუამდგომობით არ გაათავისუფლებენ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.