20 ივნისის ამნისტიის კანონზე უმრავლესობა დღეს "ქართული ოცნების" ოფისში იმსჯელებს

დღეს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატები სავარაუდოდ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და 20 ივნისის საქმის ბრალდებულთა ამნისტიის შესახებ კანონის დაინიცირების პროცესზე იმსჯელებენ. პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირება, 27 აპრილისთვის იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეში ბრალდებულთა ამნისტიის საკითხი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმე, შარლ მიშელის დოკუმენტში, ერთ-ერთ პუნქტად არის ასახული.

"ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლების გეგმას აპროტესტებს და მის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. მათი თქმით, სანამ მელიას უპირობოდ, პროკურატურის შუამდგომობით არ გაათავისუფლებენ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.