თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შარლ მიშელის დოკუმენტს განიხილავენ.
შეხვედრას, მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან კი , „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, „საიას“, „ფონდი - ღია საზოგადოებას“ წარმომადგენლები
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მხარეებმა უნდა განიხილონ, როგორ უნდა მოხდეს შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების შესრულება.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამნისტიის კანონპროექტია, რომელიც პარლამენტში სამშაბათს უნდა დარეგისტრირდეს.
ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით დღესვე შეხვედრას მართავს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელცი "ქართული ოცნების" ოფისში შეიკრიბება.
„ეს კომპლექსური დოკუმენტია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და სამოქალაქო სექტორს აქვს ძალიან დიდი როლი ამ დოკუმენტის ხელმოწერაში. განსაკუთრებით, შემიძლია, აღვნიშნო სასამართლოს რეფორმის მიმართულება, მართლმსაჯულება, ასევე საარჩევნო რეფორმა, ასევე სხვა საკითხები, რომელიც აქ არის და ყველა ამ თემაზე მათთან ერთად ვიმუშავებთ, რადგან ემოციურ საუბრებს სჯობს, გადავიდეთ საქმის კეთებაზე და ამ ყველაფრის იმპლემენტაცია უნდა და დიდი იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო სექტორი ჩართული იქნება აქტიურად და მათთან ერთად ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ.
ამნისტიაზეც ვიმსჯელებთ. ჩემი პოზიცია მგონი ყველასთვის ნათელია, რომ პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიაზე პასუხისმგებლობის გადაკისრება ამნისტიასთან დაკავშირებით არ არის მართებული და ვემიჯნები ამას, მე, როგორც ამ დოკუმენტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი, ვიღებ პასუხისმგებლობას ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ვაპირებთ, რომ მივიღოთ ამნისტიის კანონი, რათა ნიკა მელია გათავისუფლდეს და პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანი გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ყველას ვთხოვ, ემოციები დავიწყნაროთ. სულ რაღაც ორ დღეში იქნება პირველადი დოკუმენტი ამნისტიის კანონის, ყველაზე გვიან სამშაბათს უნდა დარეგისტრირდეს ჩვენი შეთანხმებული განრიგის მიხედვით და ყველა ნახავს, რომ საკმაოდ ნორმალური შეთანხმებაა ამნისტიის მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეში ბრალდებულთა ამნისტიის საკითხი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმე, შარლ მიშელის დოკუმენტში, ერთ-ერთ პუნქტად არის ასახული.
"ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლების გეგმას აპროტესტებს და მის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. მათი თქმით, სანამ მელიას უპირობოდ, პროკურატურის შუამდგომობით არ გაათავისუფლებენ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.