აშშ-ს და ევროპის რამდენიმე ქვეყნის შემდეგ, რუს დიპლომატებს ბალტიის ქვეყნებიც აძევებენ

ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფო რუს დიპლომატებს აძევებენ. აღიშნული ქვეყნების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლიეტუვადან ორ რუს დიპლომატს გააძევებენ, ლატვიადან ერთს და ესტონეთიდანაც ერთს.

აღსანიშნავია რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩეხეთმა ქვეყნიდან ათეულობით რუსი დიპლომატი გააძევა მაისი ბოლომდე კი რუსული დპლომატიური სამსახურებიდან, ჯამში 60-მდე პირის გაძევებას გეგმავს. ჩეხეთის და ბალტიისპირეთის გარდა, ბოლო კვირებში რუსი დიპლომატები გააძევეს შემდეგმა ქვეყნებმა: აშშ-მ - 10 რუსი დიპლომატი, იტალიამ -2, პოლონეთმა -3, სლოვაკეთმა -3. რუსი დიპლომატები გააძევეს ასევე უკრაინიდან. კრემლმა კი საპასუხოდ ჩამოთვლილი რამდენიმე ქვეყნის დიპლომატები გააძევა რუსეთიდან.

"ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია კოორდინირებულად მოქმედებდნენ. გადაწყვეტილება მივიღეთ ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნად, ამ ქვეყანაში "რუსული სადაზვერვო სამსახურების არაკანონიერ მოქმედებასთან" დაკავშირებით", - აღნიშნულია ბალტიის ქვყნების ერთობლივ განცხადებაში.

ჩეხეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები კავშირში არიან იარაღის საწყობის აფეთქებასთან რომლის დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება 2014 წელს მოხდა.

ჩეხეთმა მოუწოდა თავის მოკავშირეებს ევროპის კავშირსა და ნატოში, გამოეხატათ სოლიდარობა, რის შემდეგაც რიგმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს რუსი დიპლომატების გაძევება - კერძოდ, სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომლის გაძევების შესახებ განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია განცხადება საპასუხო ზომების შესახებ, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის მიმართ. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი პოლონეთის საელჩოს ხუთ თანამშრომელს აძევებს. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ვარშავის გადაწყვეტილების საპასუხოდ სამი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ.