Anadoly Agency-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს.
როგორც გამოცემა წერს, ელჩი დევიდ სატერფილდი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სედათ ონალმა მიიღო, რომელმაც ამერიკელ დიპლომატს განუცხადა, რომ თურქეთი მიუღებლად მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, სრულად უარყოფს და გმობს მას.
სააგენტოს ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენის განცხადებას საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ძალა არ გააჩნია, ძლიერ ტკივილს აყენებს თურქ ხალხს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს აშშ-თურქეთის ურთიერთობებს.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენი გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, ვინც სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.
ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას მიესალმება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის განცხადებით, ბაიდენი მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი მასობრივი სისასტიკეები გენოციდია.